ბლოგზე სტუმრების რაოდენობა

Tuesday, March 5, 2013

ჩრდილოეთის გვირგვინი (კორონა ბორეალის)

      მენახირის მახლობლად ციმციმებს პატარა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთის გვირგვინი. ასე უწოდა ჯერ კიდევ პტოლემეოსმა სამხრეთის ცის ანალოგიური ხომლისაგან გამოსარჩევად. ალ-სუფიმ მას გარშემო ორი უბრალო წრეწირი შემოავლო, მათ შორის ვაზისებური ხლართულიორნამენტი ჩახატა, ასე რომ თანავარსკვლავედი გარკვეულ მრგვალ ჩარჩოში მოხვდა. სახე იმდენად დამახასიათებელია, რომ ჯერ კიდევ ძველად, ვიდრე არაბები მას ბერძნულიდან გადაიღებდნენ, თვითონაც ასეთი სახე მისცეს, ოღონდ ხომლის მოხაზულობაში გვირგვინი კი არ დაინახეს, არამედ "ღარიბის ჯამი" ან "ბრძენკაცის თეფში". სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა მითი დაუკავშირეს ამას არაბებმა. ალ-სუფი მხოლოდ მოკლე ცნობას გვაწვდის: ხალხმა ასე უწოდა, რადგან ხომლის შუაში ჩაღრმავებულიაო. ალბათ ის იგულისხმება, რომ ღარიბი კაცი ძველ ჯამს ხმარობს, რადგან ახალის ყიდვა უჭირს, ამიტომაც ხარვეზები აქვს. ბევრად უფრო პოეტურია და თან დრამატულია ის წარმოდგენები, რომელთაც ბერძნები ამ თანავარსკვლავედს უკავშირებენ. მრავალი ერთიმეორის საწინააღმდეგო ვერსიებიდან აქ ერთს მოგითხრობტ:
      კრეტის ძლევამოსილ მეფეს მინოსს ჰყავდა მშვენებით განთქმული ასული არიადნე. ერთხელ მინოსს ზღვათა მეფემ პოსეიდონმა თავისთვის სამსხვერპლოდ მშვენიერი ხარი აჩუქა. მინოსს დაენანა დასაკლავად ასეთი ლამაზი ხარი და ჯოგში გაუშვა, მის ნაცვლად კი სხვა ხარი დაკლა. განრისხებულმა პოსეიდონმა მრისხანე ხარი მინოსის ცოლს პასიფაეს შეაყვარა და ასე იშვა მინოტავრი - მინოსის ხარი, საშინელი ურჩხული, რომელიც მეფემ თავის ლაბირინთში დააბა და იქ მოხვედრილი ადამიანების ხორცით კვებავდა. მეფე თავისი მოხარკე ათენელებისაგან მინოტავრისათვის ითხოვდა შვიდ-შვიდ ჭაბუკსა და ქალწულს ყოველწლიურად და მათ მიწისქვეშა ლაბირინთში აგზავნიდა. ერხელ, როცა როცა ათენს მოხარკეთა გემი მიადგა, სხვა ჭაბუკებთან ერთად გემში ჩაჯდა მეფე ეგეოსის ძე თეზევს, რომლის მამად სინამდვილეში პოსეიდონი ითვლებოდა. სასახლეში თეზევსი არიადნეს შეუყვარდა და მისცა მას ძაფის გორგალი, რომლითაც გმირმა ჭაბუკმა მინოტავრის მოკვლის შემდეგ გზა გაიგნო და თანამგზავრებიც გადაარჩინა. ერთი გადმოცემით, მაშინ არიადნემ თეზევსს აჩუქა აგრეთვე მანათობელი გვირგვინი. ეს გვირგვინი არიადნეს მიღებული ჰქონდა ვაზის ღმერთის დიონისესგან, რომლის დანიშნულიც ის იყო. არიადნეს დახმარებით თეზევსმა თავი დააღწია მინოსის რისხვას და არიადნეს თანხლებით ათენს გაეშურა. გზაში გემი გაჩერდა კუნძულ ნაქსოსთან, სადაც ღამით თეზევსმა სიზმარი ნახა:
      დიონისემ განუცხადა, არიადნე ჩემი დანიშნულია და ნაქსოსზე დატოვეო. თეზევს ასეც მოიქცა. დილას ქალმა გაიღვიძა, აღარც გემი იყო, აღარც თეზევსი, და დაიწყო ტირილი. მალე გამოეცხადე დიონისე, დააწყნარა და ნაჩუქარი გვირგვინი ცაში ისროლა. გვირგვინის თვლები ვარსკვლავებად იქცნენ, გვირგვინი კი შორეულ ცაში მათ გარშემოევლო და ასე დაეკიდა ცარგვალზე. მხატვარმა ოვიდიუსის "მეტაფორფოზების" მიხედვით დახატა "ჩრდილოეთის გვირგვინი", ასე შევიდა ის ატლასებში. დანტე მას "სამოთხის" მეცამეტე სიმღერაში ახსენებს.

ავტორი:კოსმოგრაფი

No comments:

Post a Comment